ზურაბ ჯაფარიძე: ოპოზიციას რაღაც ცერემონია ჰქონდა დაგეგმილი, რაღაც დოკუმენტზე უნდა მოეწერათ ხელი, მე ამაში არ ვმონაწილეობ
“თუ მოლაპარაკება გაგრძელდა და შეთანხმება ვერ შედგა, მანდატებზე უარის თქმა მალე მოხდება, რამდენიმე დღის ამბავია”, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„გირჩის“ ლიდერი არ გამორიცხავს, რომ, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, პარლამენტში არ შევა, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამის ალბათობა დაბალია.
მისივე თქმით, ის არ მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციის ღონისძიებაში, რომელიც 11 დეკემბერს, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად უნდა გაიმართოს.
„ფორმალურად ,,გირჩი,, გავიყავით, პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაა. მე რამდენადაც ვიცი, ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან ოპოზიციასთან და, შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ სიას ჩახსნიან. მე ინდივიდურ განცხადებას დავწერ მაშინვე, როცა პროცედურულად ამის დრო იქნება. თუ ჩაინიშნება შემდეგი რაუნდი და რამე შეთანხმება შედგება, მაშინ არის შანსი პარლამენტში შესვლის, თუმცა, ალბათობა ძალიან დაბალია.
ოპოზიციას რაღაც ცერემონია ჰქონდა დაგეგმილი, რაღაც დოკუმენტზე უნდა მოეწერათ ხელი. მე ამაში არ ვმონაწილეობ, იმიტომ რომ ბევრჯერ მაქვს ასეთ დოკუმენტებზე ხელი მოწერილი. არ მგონია ბოიკოტს ჩემგან რამე მტკიცებულება სჭირდებოდეს დამატებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.