ზურაბ ჯაფარიძე: მე დაფინანსების მომხრე არც არასდროს ვყოფილვარ, ვფიქრობ, რომ ეს სისტემა საერთოდ გასაუქმებელია

“მე დაფინანსების მომხრე არც არასდროს ვყოფილვარ, ვფიქრობ, რომ დაფინანსების სისტემა საერთოდ გასაუქმებელია”, – ამის შესახებ ,,გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია გაყალბების ფაქტებს ვერ დაადგენს და, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ამ წინადადებას აზრი არ აქვს.

„საარჩევნო კომისია გაყალბების ფაქტებს ვერ დაადგენს. მაგალითად, საარჩევნო კომისიამ შეუძლებელია, დაადგინოს კარუსელების ამბავი. შეიძლება, ხელახლა დააჯამოს უბნების ოქმები და ნახოს, იქ ხომ არ არის მათემატიკური ცდომილება, მაგრამ ის, რომ კარუსელები ტრიალებდა და რამხელა იყო მისი მასშტაბი, შეუძლებელია. ამიტომ, ამ წინადადებას აზრი არ აქვს. ჩანაწერების ნახვაც ვერ უშველის. მგონი, ტექნიკურად შეუძლებელია, აიღონ ჩანაწერები და ნახონ, მერე სახეზე ამოიცნონ, ვინ სად შედიოდა.

მანდატების გაუქმებას რაც შეეხება, გასაგებია, თუ მოლაპარაკების მაგიდასთნ შეთანხმება ვერ მოხდება, მაშინ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს გააგრძელებენ, შესაბამისად, მანდატები გაუქმდება. ეს გასაგებია, პარლამენტში რომ ვერ შედიხარ, მანდატი გიუქმდება.

რაც შეეხება დაფინანსებას, მე დაფინანსების მომხრე არც არასდროს ვყოფილვარ. ვფიქრობ, რომ დაფინანსების სისტემა საერთოდ გასაუქმებელია, რადგან მან გააფუჭა ქართული პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერთპროცენტიანი გადახრის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი გამოაცხადებენ რიგგარეშე არჩევნებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები