იოსებ არჩვაძე: მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმდინარე წელს თითქმის 2.2-ჯერ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მესამე კვარტალში  302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა, 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 23.6 პროცენტით ნაკლებია (მთლიანად იანვარ-ოქტომბერში – 719.0 მლნ. აშშ დოლარი – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 24.0 პროცენტით ნაკლები).

ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე ამ დინამიკას შემდეგი გარემოებებით ხსნის.

“ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია გლობალური მასშტაბით წარმოების, ეკონომიკური აქტიურობის მკვეთრი შემცირება და საინვესტიციო მიმართულება ამ მხრივ გამონაკლისი არაა.

„საკმარისია, ითქვას, რომ გლობალური მასშტაბით 2020 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფაქტობრივად, განახევრდა (შემცირდა 49 პროცენტით), მაშინ – როდესაც ჩვენთან მისი შემცირების დინამიკა მსოფლიოს ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები იყო – 24.2 პროცენტით,” – განაცხადა ექსპერტმა.

გარდა ამისა, იოსებ არჩვაძის განცხადებით, 2019 წლის კვარტლებს შორის უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტი მესამე კვარტალში იყო, რის გამოც მასთან შედარებით საგრძნობი აღმოჩნდა 2020 წლის მესამე კვარტლის საინვესტიციო კლება, მაგრამ თუ 2020 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს 2019 წლის ოთხივე კვარტლის საშუალო მონაცემებს შევადარებთ, იგი მხოლოდ 7.3 პროცენტით ნაკლები იქნება, რაც, სხვათა შორის, შესაბამის პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნის მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია.

ექსპერტის განცხადებით, მიუხედავად ზემოხსენებული შემცირებისა, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმდინარე წელს თითქმის 2.2-ჯერ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს – ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ საქართველოში საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ 90 პროცენტია.

მისი თქმით, უცხოელი ინვესტორების მზარდი დაინტერესება საქართველოს საფინანსო სექტორითა და მომპოვებითი მრეწველობით (ამ სფეროებში ჯამურად მესამე კვარტალში განხორციელდა 159.3 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია – მთელი ინვესტიციების 52.6% და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31.8%-ით მეტი) მიანიშნებს, რომ მათი ინტერესი საქართველოსადმი სერიოზულ და ხანგრძლივ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული.

ექსპერტის განცხადებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში პრაქტიკულად ეკონომიკური აქტიურობის ის ერთადერთი სფეროა, რომელიც 2020 წლის გავლილი სამი კვარტალის მანძილზე ხასიათდებოდა მხოლოდ აღმავლობის დინამიკით. – 2020 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 38.4 პროცენტით, მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან კი – 27.2 პროცენტით.

„მხედველობაშია მისაღები, რომ საზღვარგარეთელ ინვესტორებში მოწინავე პოზიციები (როგორც მესამე კვარტალში, ისე მთლიანად იანვარ-ოქტომბერში) განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებს უკავიათ. მაგალითად, 2020 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების სიდიდით პირველ ოთხ ადგილზე გასულ ქვეყნებზე (აშშ, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები) მთელი ინვესტიციების თითქმის 4/5 მოდიოდა. ეს მიუთითებს საქართველოზე, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანაზე, ისე დასავლური კაპიტალის საქართველოსთან ხანგრძლივი, ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მყარ განზრახვაზე. ამ სახის ინვესტიციების დინამიკა ცალსახად ადასტურებს საქართველოში შექმნილ სასურველ საინვესტიციო გარემოსა და კლიმატზე, რაც ქვეყანაში გატარებული თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და უცხოელ ინვესტორების თვალში საქართველოს მაღალ საინვესტიციო ნდობაზე მიუთითებს. აღნიშნული ფაქტორი სულ უფრო მზარდ როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტაში, როგორიცაა წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება”, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები