„ვახუშტი კოტეტიშვილი 85″ – ახალგაზრდა მთარგმნელთა დაჯილდოების ცერემონიალი

10 დეკემბერს, 14 საათზე, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის, „ვახუშტი კოტეტიშვილი 85″, დაჯილდოების ონლაინცერემონიალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები სამივე საკონკურსო ნომინაციაში და ასევე დასახელდებიან კრებულში შესული საუკეთესო თარგმანების ავტორები.
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის, რომელიც „დიოგენემ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა, დასასრულს მიუახლოვდა.
პროექტი ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადებიდან 85 წელს მიეძღვნა. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდა: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო 20-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. თითოეულ მონაწილეს განაცხადის წარდგენა შეეძლო მაქსიმუმ ორ ნომინაციაში. საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი არ უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით.
სულ ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსში მონაწილეობა 60-მა მონაწილემ მიიღო.
კონკურსის საპრემიო ფონდი 5400 ლარია.
კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული.

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება Zoom-ის პლატფორმაზე:
 https://zoom.us/j/94197086517

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები