ნოქალაქევში რეგიონული მნიშვნელობის სამუზეუმო სივრცის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა

ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსის მიმდებარედ დასრულდა ახალი სამუზეუმო სივრცის მშენებლობის პირველი ფაზა, რომელიც შენობის კონსტრუქციის აგებას ითვალისწინებდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის სამომავლო განვითარება მომდევნო წელსაც გაგრძელდება და სივრცის ინფრასტრუქტურულ მოწყობას მოიცავს.
„2021 წელსვე მომზადდება ნოქალაქევის არქიტექტურული მუზეუმის მუზეუმოგრაფიის პროექტი, რომელშიც საპროექტო ჯგუფის ექსპერტები, უცხოელ კოლეგებთან კონსულტაციების გზით, თანამედროვე სამუზეუმო მოწყობის უახლეს ტენდენციებს გაითვალისწინებენ. ახალი, რეგიონული მნიშვნელობის მუზეუმის მშენებლობის დასრულება 2022 წელსაა დაგეგმილი. მასში უმთავრესად ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები და არქეოლოგიური ობიექტები ექსპონირდება. ჯამურად 1600 კვ/მ ფართობის მქონე მუზეუმი ადმინისტრაციულ სივრცესთან, ფონდსაცავებთან და მულტიმედიურად გაფორმებულ ვიზიტორთა ცენტრთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორიის ფუნქციასაც შეითავსებს, რომელიც სამომავლოდ დასავლეთ საქართველოში მიმდინარე არქეოლოგიური მისიებისთვის მძლავრ კვლევით ცენტრად ჩამოყალიბდება.
ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვისა და ამოქმედების პროცესს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იაპონიის პარტნიორი სამეცნიერო ინსტიტუციის – ტეიკიოს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებთან მჭიდრო ურთიერთობის საფუძველზე წარმართავს.
2022 წლიდან ნოქალაქევის მუზეუმის ბაზაზე ამოქმედდება კვლევითი – არქეოლოგიური ბაზაც, რომელიც ყოველწლიურად საერთაშორისო ექსპედიციებს უმასპინძლებს. ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაოებს ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა“ ახორციელებს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსის საკონსერვაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები