ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე სასაწყობე ნაგებობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შსს-ს ინფორმაციით, უწყების უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112” -ში შევიდა ინფორმაცია ძლიერი დაკვამლიანების შესახებ.
ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორეაგირე ჯგუფი, რომელსაც რკინის კონსტრუქციის სასაწყობე ნაგებობაში გაჩენილი ხანძარი დახვდა.
შენობაში დასაწყობებული იყო საღებავები და პლასტმასის შერეული საქონელი, რაც ართულებდა სამუშაოებს. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ლილოს მიმართულებით დამატებით გავიდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ხანძრის ქრობის პროცესში სულ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 14 ერთეული სპეცტექნიკა და 70 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლის უმოკლეს დროში ლოკალიზება და სასაწყობე ფართის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.
ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.