კოვიდ-19 – მსოფლიოში საახალწლოდ მკაცრი შეზღუდვები ნარჩუნდება

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ, ბერლინში, „ლოქდაუნის“ მოწინააღმდეგეების 20 000 კაციანი აქციის ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა ძალაში დატოვა.

გერმანიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი შეზღუდვები 2021 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისად, საახალწლო პერიოდში არც კვების ობიექტები და არც სასტუმროები იმუშავებს. ამასთან, 5 პირამდე შეკრების შეზღუდვაც იმოქმედებს.

ამასთან, ბავარიის მიწაზე ადგილობრივი ხელისუფლება შეზღუდვების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს, იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი არ შემცირდება.

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქი მადრიდი 14 დეკემბრამდე ჩაიკეტება და სხვა რეგიონების მკვიდრთათვის, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, ქალაქში შესვლა აიკრძალება. ტრადიციულად, აღნიშნული პერიოდი მადრიდში ყველაზე ხალხმრავალია, ვინაიდან საახალწლო საყიდლებზე ესპანეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ჩადის. მადრიდის შესასვლელებს პოლიცია გააკონტროლებს.

სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვის მიზნით, მადრიდში ღია ცის ქვეშ დაგეგმილი საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე, ყოველწლიური საახალწლო ღონისძიებაც გაუქმდა, რომელიც ტრადიციულად მადრიდის მთავარ მოედანზე ტარდება და რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრება.

6 დეკემბერს, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 18 887 ახალი შემთხვევა, ხოლო გარდაცვალების 568 ფაქტი დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირველი შემთხვევიდან დღემდე, იტალიაში გარდაცვალების 60 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იტალია ლეტალობის ჯამური მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების თაობაზე ცვლილებების შეტანა 27 დეკემბრამდე არ იგეგმება, თუმცა საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით, რეგულაციების შემსუბუქების თაობაზე გადაწყვეტილება წინა სადღესასწაულო დღეებში მიიღება.

6 დეკემბერს, პოლონეთში COVID-19-ით ინფიცირების 9 176 და გარდაცვალების 228 ფაქტი დაფიქსირდა.

რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების დღიური შემთხვევების რეკორდული ზრდა გრძელდება. 6 დეკემბერს, ქვეყანაში ინფიცირების 29 039 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით კი 457 პაციენტი გარდაიცვალა.

უკრაინაში, 6 დეკემბერს, COVID-19-ით დღიური ინფიცირების 11 590 და გარდაცვალების 167 შემთხვევა დაფიქსირდა.

თურქეთში 5 დეკემბერს, კორონავირუსით დღიური გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა -196 ფაქტი დაფიქსირდა. დღიური ინფიცირების კი 31 896 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, თურქეთმა დღიური ინფიცირების მაჩვენებლით, მსოფლიო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

კორონავირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა ირანში. 5 დეკემბერს დღიური ლეტალობის მაჩვენებელმა 321 შემთხვევა შეადგინა. ამასთან, ქვეყანაში, COVID-19-ით უკვე 1 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 11 561 ფაქტი დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები