ვარშავაში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა
6 დეკემბერს, ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის ინიციატივით, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლისადმი (ფერაძე) მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფა განთავსებულია იმ შენობაზე (ul. Stefana Okrzei 22, ყოფილი ბრუკოვის ქუჩა), სადაც 1933-1942 წლებში არქიმანდრიტი გრიგოლი ცხოვრობდა.
დაფაზე დატანილია ქართულ და პოლონურ ენებზე შესრულებული წარწერა შემდეგი შინაარსით: „ამ სახლში 1933-1942 წლებში ცხოვრობდა წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (1899-1942), ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, მოწამეობრივად აღესრულა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 6.XII.1942, წმინდანად შერაცხული 19.IX.1995“.
თავდაპირველად გახსნის ცერემონია წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, კონფერენცია და სხვა საზეიმო ღონისძიებები 2021 წლისთვის გადაიდო.
მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
წყარო: „საპატრიარქოს უწყებანი“