ქართველი მხატვარი საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრად და სამადლობელი წერილი ეკვადორის რესპუბლიკიდან

მხატვარმა  ქეთევან ჯავახიძემ  სამადლობელი წერილი მიიღო ეკვადორის რესპუბლიკიდან.
ერთი კვირის წინ სამხრეთ ამერიკის ეკვადორის აკვარელისტ მხატვართა საერთაშორისო საზოგადოებიდან მას მოწვევა გამოუგზავნეს  ჟიურის წევრის თანამდებობაზე, რასაც სიამოვნებით დათანხმდა.
„უნდა შემერჩია ნამუშევრები და  მიმენიჭებინა ქულები ეკვადორის აკვარელისტი მხატვრების ნამუშევრებისთვის. გამარჯვებული მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება  2021 წელს, კოლუმბიის სანტა-მარტაში, აკვარელის საერთაშორისო ფესტივალის ტრიენალეში“, – ამბობს ქეთევან ჯავახიძე.

ქართველ მხატვარს IWS Ecuador-ის აკვარელის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი მაური ვირტანენი დაუკავშირდა, რომელმაც რამდენჯერმე მონაწილეობა მიიღო საქართველოში, კერძოდ, თბილისში აკვარელის ფესტივალში.
„იგი აღფრთოვანებულია ქართველებით და საქართველოთი, დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნით და ქართველებთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვს“, – გვეუბნება ქეთევანი.

აი, სამადლობელი წერილიც:
„დიდი მადლობა, ძვირფასო ქეთევან, ჟიურის კომისიის წევრობისთვის, რომელმაც შეარჩია ეკვადორის აკვარელისტი მხატვრების  ნამუშევრები. ნამუშვრები გამოიფინება აკვარელის საერთაშორისო ტრიენალეში, რომელიც მომავალ წელს  კოლუმბიის სანტა-მარტაში გაიმართება.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი წვლილი ამ ფესტივალს უმაღლეს დონეზე აიყვანს“.
ქართველი მხატვრის გარდა ჟიურიში ერთი ეკვადორელი და ასევე ესპანელი მხატვარიც იყო.
ცნობისათვის: ქეთევან ჯავახიძე 2013 წლიდან არის მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების წევრი; 2015 წლიდან – საქართველოს მხატვართა ეროვნული კავშირის წევრი; 2006 წლიდან ხელოვნების პედაგოგი თბილისის №64 საჯარო სკოლაში.
იგი  5 პერსონალური გამოფენის ავტორია. 25-მდე ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობდა  როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ – საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში.

 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები