ქეთევან ციხელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეულის განცხადებაში მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა

“ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეულის განცხადება არის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც 27-ე მინისტერიალის ფარგლებში მიიღეს და მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა”, – ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად იქმნება.

„განსაკუთრებით გამოხატავენ წუხილს ადამიანური რესურსების გაუარესების გამო. ამ დოკუმენტში ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეუთო-ს თავმჯდომარეობის ხუთეული, ყოფილი, მიმდინარე და მომავალი თავმჯდომარეები პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩართულობას და იმ ფასილიტატორის ფუნქციის შესრულებას, რასაც ისინი ასრულებენ ევროკავშირსა და გაერო-სთან ერთად.

ეუთო არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 57 წევრი სახელმწიფოს თანხმობით უნდა გადიოდეს დოკუმენტები. თუმცა საკითხებზე, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ამ შემთხვევაში საქართველოსა და უკრაინაზე უმრავლესობის პოზიციას არ იზიარებს რუსეთის ფედერაცია და სწორედ, თავმჯდომარეებმა ასეთი დოკუმენტით გამოხატეს მათი ერთგულება.

ვფიქრობ, ეს მინისტერიალი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. ეს არის მკაფიოდ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა, ის, რომ საქართველო არის დღის წესრიგში და არამხოლოდ დღის წესრიგში, არამედ საქართველოს მიმართ ყურადღება არის ძალიან მაღალი“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში, ორგანიზაციის თავმჯდომარეების ხუთეულმა მიიღო განცხადება, რომელშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები