წყლის გადასახადის დარიცხვის ახალი ფორმა ამოქმედდა
თბილისის მასშტაბით, წყლის ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის გადასახადის დარიცხვის ახალი ფორმა ამოქმედდა. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, მოსახლეობა წყლის მრიცხველის ანათვალს კვარტალში ერთხელ გადაიხდის, ხოლო შუალედურ პერიოდში (ორი თვის მანძილზე) გადასახადი კონკრეტულ აბონენტს თავისი საშუალო ხარჯის მიხედვით დაერიცხება, რასაც „შეფასებითი დარიცხვის“ წესი გულისხმობს. კვარტლის ბოლოს კი, როდესაც კომპანიის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის რეალური ჩვენება დაფიქსირდება, მოხდება დარიცხული თანხის კორექტირება მრიცხველის ჩვენების შესაბამისად. როგორც წლის კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულ პროექტში ჩართვის მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გამრიცხველიანებულ აბონენტებთან ხელშეკრულებები გააფორმა. პარალელურად, კომპანიამ აამოქმედა ინტერნეტპორტალი – „mygwp.ge“, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა ხელშეკრულების მქონე თითოეულ აბონენტს მისთვის მინიჭებული უნიკალური პაროლის მეშვეობით შეეძლება. პაროლი გაიგზავნება ხელშეკრულებაში მითითებულ მობილურ ნომერზე. „მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალობა მაქსიმალურად იქნება დაცული, განახლებულ პაროლს კი აბონენტი ყოველთვიურად მიიღებს. პორტალის მეშვეობით „შეფასებითი დარიცხვის“ მქონე აბონენტები შეძლებენ ონლაინრეჟიმში დაუკავშირდნენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და მრიცხველის რეალური ჩვენება გაუგზავნონ, რომელიც კომპანიის ბილინგის სისტემაში ავტომატურად აისახება. შედეგად, აბონენტის მიერ მითითებული მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, მოხდება დარიცხული თანხის კორექტირება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველის ჩვენებას კვარტალში ერთხელ დააფიქსირებს”, – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.