მოლდოვის პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მაია სანდუს უფლებამოსილებას ამცირებს
მოლდოვის პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით ქვეყნის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებაში აღარ იქნება და მას საკანონმდებლო ორგანო გააკონტროლებს.
კანონპროექტი პარლამენტში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პარტიის წევრებმა და მათმა მოკავშირეებმა გუშინ შეიტანეს და ის განხილვის გარეშე, ორივე მოსმენით, დღეს 51 ხმით დაამტკიცეს.
გუშინ ქვეყნის არჩეულმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ კანონპროექტი “ხელისუფლების ხელში ჩაგდების” მცდელობად შეაფასა და მომხრეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა.
აქციებში მონაწილეობის მიღებისკენ მომხრეებს ასევე პრეზიდენტობის კანდიდატმა – რენატო უსატიმ მოუწოდა.
დღეს მოლდოვის პარლამენტთან ასამდე ადამიანი შეიკრიბა, მათ წინაშე სიტყვით მაია სანდუ და სხვა პოლიტიკოსები გამოვიდნენ.
მაია სანდუს ინაუგურაცია 24 იანვარს ჩატარდება.