„გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე ყველა არქიტექტურული სეგმენტი წლის ბოლომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცევა

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე საჭიროების წინაშე მდგარი ყველა არქიტექტურული სეგმენტი წლის ბოლომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცევა, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.
„თუნუქის მყარი სახურავით ამჯერად მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი დაიფარება, რომლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება. ზამთრის სეზონზე პრევენციული ღონისძიებების მორიგ ეტაპს ისევ შემსრულებელი მხარე – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და მისი კონტრაქტორი კომპანია „იკორთა 2007“ განახორციელებს.
სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, მთავარი ტაძრის მკლავების გადაუხურავი ფართობები არსებულ კრამიტზე თუნუქის მყარი ფენილის დაყდნობის მეთოდით დაიფარება. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის სრული დაცვის მიზნით დროებითი გადახურვის მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, ინტერიერში წყლის ჩადინება არიდებული იქნება.

წინასწარი პროგნოზით, მთავარი ტაძრის მკლავებზე მოსაწყობი გადახურვების სამუშაოები მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე გასტანს.

ამავდროულად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დასრულდა დროებითი ღონისძიებების ფარგლებში მყარი გადახურვების მოწყობის 2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც გუმბათის ყელის ძირის ნიშნულზე, ეკვდერებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე პროექტით განსაზღვრული თუნუქის კონსტრუქციული ფენილების დაგებას ითვალისწინებდა.

პარალელურად, მიმდინარე კვირას მთავარი ტაძრის ინტერიერში სპეციალისტები ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად შესყიდული მონიტორინგის სისტემის ელექტრონული ელემენტების წინასწარ განსაზღვრულ არეალებზე ინსტალაციის პროცესს დაიწყებენ. მისი მეშვეობით ინტერიერში არსებული ტენიანობის კოეფიციენტსა და სტრუქტურის კონსტრუქციულ მდგრადობაზე პერმანენტული კონტროლი შესაძლებელი გახდება.

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა მის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება, რომლის ხარისხიც ლაბორატორიული კვლევითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული. კრამიტის ჩანაცვლების პროცესამდე, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრიტიკული არეალები სპეციალისტების მიერ ე.წ. შურფების გახსნის გზით სრულფასოვნად იქნება შესწავლილი, რითაც ინტერიერში წყლის ინფილტრაციის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები