თამარ გაბუნია: დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 421 იყო, გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმსა და ქუთაისზე

“დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 421 იყო, გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმსა და ქუთაისზე”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მთავარი აქცენტია ის, რომ საწოლი იყოს შენარჩუნებული მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის, თუ პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდსასტუმროებში.

„პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმები მართავენ ბინაზე როგორც კოვიდდადებით შემთხვევებს, ასევე, მზად არის იმისთვის, რომ პაციენტებს პასუხები გასცენ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. როგორც უკვე გაცხადდა, უკვე ორი კვირა არის, რაც გადასული ვართ სრულად დეცენტრალიზებულ მოდელზე. ყველა პაციენტს ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს და მისი რეკომენდაციის საფუძველზე ჩაიტაროს გამოკვლევა და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, შესაბამის დახმარებას მიიღებს. ნაკადები არის ძალიან აქტიური და ინტენსიური, დღეს ჯანდაცვის სექტორზე დიდი დატვირთვა მოდის, თუმცა, არსებობს გარკვეული რესურსი. დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 421 იყო. გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმსა და ქუთაისზე. დიდ ქალაქებში უფრო დიდი დატვირთაა, სხვაგან – შედარებით ნაკლებია. მთავარი აქცენტია ის, რომ საწოლი იყოს შენარჩუნებული მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის, თუ პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდსასტუმროებში. საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს იქ. კლინიკებსა და სასტუმროებს შორის აქტიური თანაშრომლობისთვის კომუნიკაცია მიდის, რომ პაციენტების გადაყვანა და სამედიცინო ჩარევა მარტივად მოხერხდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები