ნათია თურნავა: პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, საბანკო სესხის პროცენტი რესტორნებსაც დაუსუბსიდირდებათ
„პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების გარდა, ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც შეძლებენ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში”, რომელიც ბიზნესის დახმარების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია. პროგრამის მეშვეობით აქამდე 2 200 მცირე და საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხის პროცენტი. საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა ფართოვდება და მასში რესტორნებიც ჩაერთვებიან. საუბარია 1 500-მდე რესტორანზე, რომლებსაც ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.