გიგი უგულავა: საბიუჯეტო დაფინანსება კავშირშია მხარდაჭერასთან და არანაირი კავშირი არ აქვს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან
“საბიუჯეტო დაფინანსება კავშირშია მხარდაჭერასთან და არანაირი კავშირი არ აქვს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მცირე საბიუჯეტო თანხები ოპოზიციას სჭირდება იმ ვითარებაში, როდესაც ბიზნესი მკვდარია ან შეშინებულია, რომ იბრძოლოს და ქვეყანა გაათავისუფლოს გაუგონარი და გაუგებარი რეჟიმისგან.
„ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში, სადაც ბიზნესს ეშინია. ბიზნესი მოდის, გელაპარაკება, შენკენ ვარო – გეუბნება, მაგრამ ეშინია პოლიტიკური ოპოზიციის პირდაპირ და ღიად დაფინანსების, რადგან მას ეშინია საგადასახადო ორგანოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების. ამიტომ, მწირი საბიუჯეტო დაფინანსება რჩება ერთადერთ საარსებო წყაროდ პოლიტიკური ოპოზიციისთვის. მეორე, საბიუჯეტო დაფინანსება იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი მიბმულია ხმების რაოდენობაზე და აქ ჩვენ, ყველას დაგვაკლეს, დაიმატა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, რადგან არჩევნები გააყალბა სწორედ ამ ნაწილში. ეს დაფინანსება კავშირშია მხარდაჭერასთან და არანაირი კავშირი არ აქვს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან, რადგან არსებობს მეორე ნაწილი საბიუჯეტო დაფინანსების, ეს არის ერთგვარი საპარლამენტო სიკეთეები, რომელზეც, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, რომელიც არ შედის პარლამენტში, ამბობს უარს, ამიტომ არანაირი კავშირი არ აქვს არც ნახევრად ლეგიტიმაციას, არც არანაირ ლეგიტიმაციას. მცირე საბიუჯეტო თანხები პოლიტიკურ ოპოზიციას სჭირდება იმ ვითარებაში, როდესაც ბიზნესი მკვდარია ან შეშინებულია, რომ იბრძოლოს და ქვეყანა გაათავისუფლოს ამ მართლაც უკვე გაუგონარი და გაუგებარი რეჟიმისგან“, – განაცხადა უგულავამ.