“მადლობა, რომ იყავი, დიეგო” – მარადონას გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან  

“მსოფლიო ტირის მარადონას გარდაცვალების გამო. არგენტინელი თავდამსხმელი დიეგო მარადონა შეუდარებელი ნიჭით იყო დაჯილდოებული და ფეხბურთის ისტორიას დაუვიწყარი ფურცლები შესძინა”, – განაცხადა იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის ფარჰან ხაკის თქმით, “სამწუხაროა ამ ამბის მოსმენა. ის ბევრისთვის შთაგონების წყარო იყო. ბევრი პოზიტიური საქმე გაგვიკეთა, როდესაც კეთილი ნების ელჩი იყო. ვფიქრობ, ბევრის აზრს გამოვთქვამ, თუ ვიტყვი, რომ ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ მას ღმერთის ხელი ეხებოდა”.

ევროპარლამენტის ხელმძღვანელი დავიდ სასოლი მარადონას სიკვდილს უეცარ უბედურებას უწოდებს და მას მონიჭებული სიხარულისთვის მადლობას უხდის.

მომხდარს არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი გამოეხმაურა. მისი თქმით, “ჩვენ მსოფლიოს მწვერვალზე აგვიყვანე. უბედნიერესები გაგვხადე. ყველაზე საუკეთესო იყავი. მადლობა, რომ იყავი, დიეგო. მთელი ცხოვრება დაგვაკლდები“.

ბოლივიის პრეზიდენტი, ლუის არსე კატაკორა, დიეგო მარადონას ძმა-ს უწოდებს და ფეხბურთელის ახლობლებს და საფეხბურთო თანამეგობრობას უსამძიმრებს.

“ძალიან ვწუხვართ #10 უდიდესი ფეხბურთელის და ლათინოამერიკელი ძმის დიეგო არმანდო მარადონას ტრაგიკული სიკვდილის გამო. ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს და მთელს საფეხბურთო ოჯახს”,-დაწერა მან სოციალურ ქსელში.

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრო მარადონას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს, რომელიც ფიდელ კასტროს გარდაცვალების მეოთხე წლისთავს დაემთხვა.

“მისი მეგობრობა კუბასთან და განსაკუთრებით ფიდელთან, ის ჩვენი ხალხის ნაწილი გახადა. მსოფლიო ტირის ადამიანის, ფეხბურთელის, მეგობრის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და არგენტინელ ხალხს”,-წერია უწყების ტვიტერ-ის გვერდზე.

ფერნანდესმა არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

დიეგო მარადონა გულის შეტევით დღეს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები