მერიის ფონდის დამფუძნებელი პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა

   თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად მიმალვაში მყოფი სერგო ქავთარაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა ქ.თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული, ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად მიმალვაში მყოფი სერგო ქავთარაძე. გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის აპრილ-მაისში ქ.თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ თანამშრომლები ღამის კლუბ „დივაში“ იმყოფებოდნენ, სადაც მათ მიერ გართობის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიხარჯა, საერთო ჯამში, – 5 129,45 ლარი. მოგვიანებით, გაფლანგული თანხების საწარმოს ბუღალტერიაში ასახვის და მისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარის სერგო ქავთარაძის დავალებით, ღამის კლუბ „დივადან“ გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რისი მეშვეობითაც უკანონოდ გახარჯული თანხები საწარმოს წარმომადგენლობით ხარჯებში გატარდა. ამ გზით, სერგო ქავთარაძის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამიზნობრივად და ფონდის მიზნების საწინააღმდეგოდ, ღამის კლუბ „დივაში“ გართობისთვის გაფლანგული იქნა ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ კუთვნილი ფულადი თანხები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სერგო ქავთარაძეს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები