“გაჭირვებულ, გაუბედურებულ ხალხს რომ ხედავდა, ძალიან განიცდიდა” – მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დედა

“გაჭირვებულ, გაუბედურებულ ხალხს რომ ხედავდა, ძალიან განიცდიდა”, – ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის დედამ, ლამარა ტერელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დედის თქმით, მისი შვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა.

“საზოგადოება, ვინც კი უყურა, ყველა მეუბნება, კამერაში ჩაწერილია, რომ ლევანი როცა შევიდა, უთქვამს, ვისაც გინდათ, წადითო. ლევანის იქ არავინ დაუკავებია. იქ თურმე ერთი მოხუცი კაცი იჯდა, უთქვამს – წადიო, ალბათ, სეირის ყურება უნდოდა და აღარ წავიდა. გოგონები ხუმრობდნენ, იცინოდნენ, ეუბნებოდნენ – “ყავა ხომ არ გინდაო”. მუშათა რაიონია ჩემი, სამგორის რაიონი, მასწავლებელი ვარ. არ მინდოდა, აქამდე მეთქვა, სიდუხჭირემ, გაჭირვებამ მიიყვანა, გაჭირვებულ, გაუბედურებულ ხალხს რომ ხედავდა, ძალიან განიცდიდა. პატიმრობაში მისი დატოვების აუცილებლობა არ იყო”, – აღნიშნა ზურაბაშვილის დედამ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე, მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, თავისუფლების 9-დან 14-წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები