„შემოდგომის ერთა თასის“ მეორე შეხვედრა – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსს დაუპირისპირდება

დღეს, საქართველოს დროით 21:15 საათზე, რვა ერის მეორე რაუნდში, ჰლანეჰლიში, „პარკ ი სკარლეთსზე“ საქართველოს რაგბის ნაკრები უელსს ეთამაშება.

„შემოდგომის ერთა თასის“ მეორე შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უეინ პივაკს და მის „დრაკონებს“ დაუპირისპირდებიან, რომლებსაც უკვე ექვსი მატჩია არ მოუგიათ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის ხუთი მორაგბე შეცვალა.

უკანახაზში ძირითად შემადგენლობაში ორი გამოცდილი მორაგბე – სანდრო თოდუა და ვასილ ლობჟანიძე დაბრუნდნენ. თხუთმეტეულში არიან ჯაბა ბრეგვაძე და ოთარ გიორგაძეც, ხოლო კოტე მიქაუტაძე ნაკრებს ტრავმით დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილთან ერთად დადგება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის ეს მესამე მატჩია და მოსალოდნელია, რომ უკეთესობა იქნება როგორც შეთამაშების, ისე წინასწარ დაგეგმილი სქემების შესრულების მხრივ.

პირველ რაუნდში ბორჯღალოსნები „თვიქენჰემზე“ ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისს ეთამაშნენ (0:40), უელსი კი ირლანდიას დუბლინში ეწვია და 9:32 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „დრაკონებისთვის“ ეს მიჯრით მეექვსე მარცხია და ჩვენთან თამაშს განსაკუთრებული მოტივაციით ხვდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები