მიხეილ ხიდურელი: FDI გრანტი, რომელიც სააგენტოს მრავალთვიანი შრომის შედეგად შემუშავდა, იქნება საერთაშორისო კომპანიებისთვის გადაწყვეტილების მიღების დამატებითი, მნიშვნელოვანი ელემენტი
„გაზრდილი კონკურენციის პირობებში, პროგრამა ჩვენს საინვესტიციო შეთავაზებას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის”, – ამის შესახებ სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
მისივე თქმით, FDI გრანტი, რომელიც სააგენტოს მრავალთვიანი შრომის შედეგად შემუშავდა, იქნება საერთაშორისო კომპანიებისთვის გადაწყვეტილების მიღების დამატებითი, მნიშვნელოვანი ელემენტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა – “FDI გრანტი”, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში” განახორციელებს.
„პოტენციური ინვესტორებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სააგენტოს გუნდის მრავალთვიანი შრომის შედეგად, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილე საერთაშორისო კომპანია ვალდებული იქნება, არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა.
პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში”, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვე შეადგენს”, – ნათქვამია სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში” ინფორმაციაში.