შალვა ნათელაშვილი: ერთი რამ დავიმახსოვროთ, მეგობრებო, საქართველოს ბედსა და მომავალს ვწყვეტთ ჩვენ
“ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ვერ ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში”, – ასე პასუხობს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აშშ-ის მოწოდებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
ნათელაშვილის თქმით, საქართველოს ბედსა და მომავალს მოქალაქეები წყვეტენ.
„ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა არ იქნება. იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქნება ახალი დემოკრატიული პარლამენტი. ერთი რამ დავიმახსოვროთ, მეგობრებო – საქართველოს ბედსა და მომავალს ვწყვეტთ ჩვენ.
სტრატეგიული მოკავშირეები გვეხმარებიან მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში. ისინი ვერ ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში და არც არავის გვსურს ეს. არც იმათ, არც ჩვენ. ამიტომ, მე მადლობას ვუცხადებ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომელიც დარჩა თბილისში, რომ ოპოზიციისგან მოესმინა უშუალოდ ინფორმაცია, თუმცა, მაიკ პომპეოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას სრული ინფორმაცია აქვთ, რა ხდება საქართველოში, როგორ გააყალბა რუსმა ოლიგარქმა არჩევნები, როგორ ცდილობს, მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, გაამრუდოს ჩვენი ქვეყნის ბედი, რასაც არ დავუშვებთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.