მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა – “მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო განსხვავებულ რეალობაში გიწევთ სწავლა, განათლება თქვენი ცხოვრების პრიორიტეტი უნდა იყოს”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელისტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! პირველ ყოვლისა, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და წინსვლას თქვენ მიერ არჩეულ პროფესიაში!

სტუდენტობა ცოდნის შეძენის საუკეთესო და დაუვიწყარი წლებია. თავდაუზოგავი შრომა დღეს თქვენივე მომავალს განაპირობებს. ამიტომ ისწავლეთ და იშრომეთ წარმატებისთვის, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა!

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პანდემიის პირობებში, ახალ, განსხვავებულ რეალობაში გიწევთ სწავლა, განათლება თქვენი ცხოვრების პრიორიტეტი უნდა იყოს. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ პროფესიონალიზმისთვის პანდემია დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერასდროს გახდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! გახდით თქვენი საქმის პროფესიონალები, იყავით კონკურენტუნარიანები! გისურვებთ მსოფლიო მიღწევებს, ნაყოფიერ და ბედნიერ წლებს”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს საქართველოში 2009 წლიდან, ხოლო მსოფლიოში 1946 აღნიშნავენ. სტუდენტთა საერთაშორისო დღე პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა. იგი 1939 წლის ნოემბრის სისხლიან მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს, საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს, ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები