აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა – მათი ასაკი 47-დან 82-წლამდეა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ხუთ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა, მათი ასაკი 47-დან 82-წლამდეა.

„რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 73 წლის მამაკაცი, მედცენტრში მკურნალობდნენ 78 წლის ქალი და 47 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, ხოლო 82 წლის მამაკაცი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა“, –ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 516 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 331 პირი.

ჯამურად, ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობამ აჭარაში 6 525-ს მიაღწია, სულ კი რეგიონში „კოვიდ-19“ 12 193-მა პირმა დაამარცხა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 230 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 30.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები