ისტორიკოსი ზურაბ ბრაგვაძე: რუსეთი ოსებს იდენტობას ართმევს
ისტორიკოსისა და არქეოლოგის, ზურაბ ბრაგვაძის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტი მთლიანად კრემლიდან ფინანსდება და ცხინვალი თავიდან ბოლომდე რუსეთზეა დამოკიდებული. მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ცხინვალს დაფინანსებას მოუხსნის, იქ მცხოვრები ხალხი შიმშილით დაიხოცება.
გარდა ამისა, ზურაბ ბრაგვაძე მიიჩნევს, რომ ცხინვალი რუსულ სამხედრო ბაზას წარმოადგენს, სადაც მოსახლეობის რუსიფიკაცია აქტიურად მიმდინარეობს. მეცნიერი ცხინვალის გენგეგმის შემუშავებაზეც ამახვილებს ყურადღებას, როგორც ფაქტზე, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიზნებს ნათლად წარმოაჩენს.
„შეადგინეს ცხინვალის განვითარების გენერალური გეგმა, რომლშიც გათვლილია, რომ აქ 50 000-მა ადამიანმა უნდა იცხოვროს. ამდენი ადამიანი ცხინვალში კი არა, მაგ ტერიტორიაზეც არ ცხოვრობს. იქ უკვე შიშით უყურებენ იმას, რომ რუსები აპირებენ ჩამოსვლას და იქ ცხოვრებას. ჩემთვის ბევრ ოსს უთქვამს, მთელ ცხინვალს ესმის, თუ როგორ მიმართავენ რუპორით ყოველ დილით, 6 საათზე რუსული სამხედრო ბაზიდან რუს ჯარისკაცებს, რომ ეს მათი სისხლით მოპოვებული მიწაა, მათი სახლია და არავის დაუთმობენ. ოსები კი ამბობენ, რომ გამოდის, რუსებს იქითკენ მიჰყავთ საქმე, მიწასაც გვართმევენო.
აფხაზეთის მსგავსად, ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც დგას რუსიფიკაციის საფრთხე, რადგან სწავლება, სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებელში, რუსულ ენაზე მიმდინარეობს. მოდის თაობა, რომელმაც საკუთარი ენა არ იცის. გარუსებული თაობა მოდის. ბუნებრივია, რუსეთი ამას ხელს უწყობს.
რეალურად რომ ვთქვათ, აფხაზებმა და ოსებმა, თავიანთი ე.წ. დამოუკიდებლობით, რა მიიღეს? ვერაფერი… კარგავენ საკუთარ იდენტობას, კარგავენ ეროვნებას და ენას. ენა თუ დაკარგე, გვარი და სახელი გინდ აფხაზური გქონია და გინდ ოსური, რა აზრი აქვს?! ადამიანი ის ხარ, რა ენაზეც საუბრობ…“ – აღნიშნავს ისტორიკოსი.