13 ნოემბერი პოეტ გივი ჭიჭინაძის გარდაცვალების დღეა
1999 წლის 13 ნოემბერს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი და პოეტი გივი ჭიჭინაძე
(1934-1999).
დაიბადა თბილისში, 1934 წლის 12 აგვისტოს. 1957 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1957 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1960 წელს კი გადმოიყვანეს თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გივი ჭიჭინაძე სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა საყმაწვილო ლიტერატურას. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა 1955 წელს შედგა, როცა გამოაქვეყნა პირველი საბავშვო ლექსების კრებული.
მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მისი პიესები „უცნაური ბიჭი“, „საბედისწერო ოპერაცია“, „იისფერა“, „არა შეჯდა მწყერი ხესა“, „ჯადოსნური ბურთი“ წარმატებით იდგმებოდა თეატრების სცენაზე. გივი ჭიჭინაძე არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრად, საბავშვო თეატრების სამხატვრო კოლეგიის წევრად.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.