მიხეილ ხიდურელი: მოხარულები ვართ, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ასეთმა გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ მიაქცია ყურადღება

„Site Selection Magazine არის ზუსტად ის სივრცე, სადაც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ინვესტორები ეცნობიან ქვეყნის საინვესტიციო პროფილებს და მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე სწორედ ასეთმა გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ მიიქცია ყურადღება,” – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

„საქართველო – ქვეყანა უდიდეს ისტორიით და კიდევ უფრო დიდი პოტენციალით” – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ამერიკულმა წამყვანმა გამოცემამ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

მიხეილ ხიდურელის თქმით, ბოლო წლებში საკმაოდ გაზრდილია იმ ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობენ. მისი თქმით, ლოკაციების კონსულტანტებისთვის ეწყობა გაცნობითი ტურები, რომელთა ფარგლებშიც ისინი ხვდებიან საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს. შედეგად, სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სიღრმისეული ცოდნა საქართველოში ინვესტიციის პოტენციალზე და გაიგონ მეტი წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებ.

„წელს ორჯერ ვუმასპინძლეთ საინვესტიციო კონსულტანტებს, სხვადასხვა საერთაშორისო, პრესტიჟული კომპანიებიდან. მათთან აქტიური მუშაობა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს და სააგენტო მსგავსი ტურების გამართვას მომავალშიც გეგმავს,” – აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა.

საქართველოს შესახებ საინვესტიციო პროფილი მომზადდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით, რომელშიც აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს.

ამერიკული გამოცემის სტატიას სრულად შეგიძლიათ, გაეცნოთ: https://bit.ly/3ljqdYH

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები