ნინო ლომჯარია: გიგი უგულავას მიმართვა „იმედის“ ჟურნალისტისადმი არ იყო ეთიკური, თუმცა კომენტარი არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს

გიგი უგულავას მიმართვა „იმედის“ ჟურნალისტისადმი არ იყო ეთიკური, თუმცა კომენტარი არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„რამდენიმე მედიასაშუალება აქტიურად გვიკავშირდება, სურთ სახალხო დამცველის კომენტარი ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოს გიგი უგულავას მიერ „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ გამოხატულ შეფასებებზე.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ძალიან დაძაბულ ვითარებაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ მოვლენებს. ბევრი მათგანი დაშავდა და დაუზიანდათ აპარატურა, რაც აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი!

სამწუხაროდ, ხშირია პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვები, რაც ჩემთვის მიუღებელია და ცდება პოლიტიკური ეთიკის და კულტურის ფარგლებს. სწორედ ისინი უნდა აძლევდნენ საზოგადოებას ჟურნალისტებთან ურთიერთობის მაგალითს.

რაც შეხება ამ კონკრეტული ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას, გიგი უგულავას მიმართვაც არ იყო ეთიკური, თუმცა, კომენტარი არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს, რა შემთხვევაშიც, ჩვენ აუცილებლად გვექნებოდა და გვექნება მომავალშიც რეაგირება.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მიუხედავად დაძაბულობისა, პატივი სცენ მედიის წარმომადგენლებს და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში მუშობას!“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები