ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ეს არ იყო საუკეთესო განცხადება, საქმის კურსში არ ვიყავით

“როდესაც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, ნებისმიერი განცხადების გავრცელების გაკეთების დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

მისივე თქმით, როდესაც განცხადება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება.

“როდესაც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, ნებისმიერი განცხადების გავრცელების გაკეთების დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით. როდესაც განცხადება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება. მთავარი, რაც ფართო საზოგადოებას აქვს გაცხადებული, არის ის მოთხოვნები, რომელიც გაცხადდა რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც პარტიების უნიკალური ერთობაა, სადაც გაერთიანდნენ განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური ჯგუფები. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შესახებ არავინ არ ვიცოდით, მათ შორის არც მე. ამიტომ, ძალიან სამწუხარო და გაუგებარია, მით უფრო, როდესაც პარტიაში არსებობს პრესსამსახური და ბატონ გრიგოლს არასოდეს არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია პრესსამსახურის გვერდის ავლით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან ეს გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა, ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში. სამწუხაროდ, არ იყო ეს საუკეთესო განცხადება. სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდესაც სხვადასხვა ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, არ არის ეს განცხადება საუკეთესო. არავინ არ ვიყავით საქმის კურსში ამასთან ერთად. მაგრამ ის გეგმები, ის გაცხადებული მიზანი, რომელიც დღეს ხალხს აქვს და ჩვენ ვართ ერთ-ერთი წარმომადგენლები ამ საზოგადოების, არის არჩევნები, სამართლიანი, თავისუფალი, ახალი არჩევნები ქვეყანაში“,- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, სააგენტო “ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს. მოგვიანებით ვაშაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: “დამატებით განვმარტავ: 1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; 4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები