“სააკაშვილი “ნაცმოძრაობას” აძლიერებს და ოპოზიციას ასუსტებს, უნდა უთხრან, ჩაიკმინდოს ხმა” – პაატა ზაქარეიშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო ყოფილმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ოპოზიციის აქციებსა და  ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე „კვირასთან“ ისაუბრა.

ზაქარეიშვილის თქმით, მოსახლეობის ნაწილი ელოდება ცვლილებებს, თუმცა, რეალობა ოპოზიციის მხარეს არ არის და  ისინი პარლამენტში აუცილებლად უნდა შესულიყვნენ.

„არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ელოდება ცვლილებებს, აქციების დროებით შეჩერებით ხალხს იმედი არ გაუცრუვდებათ. მით უმეტეს, ღამე რომ მიიყვანონ ხალხი, ხელისფულება მათ ნამდვილად დააჯარიმებს, ისინი ამის გამკეთებლები არიან.

რეალობა ოპოზიციის მხარეს არ არის, უნდათ – გადატეხონ პროცესები, მაგრამ არ გამოსდით. შევარდნაძის პერიოდს რომ იხენებენ, შევარდნაძე მოხუცი იყო, არაპოპულარაული და  წამსვლელი იყო. მაშინ ახალი ენერგია მოდიოდა ახალი ძალით. დღეს ივანიშვილი ძლიერია, ფულიანია და ახალი ძალა არაფერი არ ჩანს. ამას ემატება კორონავირუსი. ამიტომ, წარსულთან შედარება არ იენებოდა სწორი.  მე მგონია,  რომ ჯობდა, ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო და იქედან ემუშავა მეორე ტურზე, უფრო პრინციპულები ყოფილიყვნენ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტის თქმით,  ოპოზიციამ თავიდანვე დათმო პოზიციები. უკანონო, არალეგიტიმურ პარლამენტთან თანამშრომლობა  არ არის კარგი, მაგრამ არის ხალხი და ცხოვრება უნდათ.

„ჩემი აზრით, ოპოზიციამ თავიდანვე დათმო პოზიციები. ჩვენ, საქართველოში  არალეგიტიმურ სიტუაციაში არაერთხელ გვიცხოვრია.  2008 წლიდან მოყოლებული სააკაშვილმა გააყალბა  საპრეზიდენტო არჩევნები და მერე მაისში უკვე –  საპარლამენტო არჩევნებიც  – ვცხოვრობდით, არ მოვმკვდავრათ, მაგრამ არ იყო კარგი. შემდეგ უკვე, მალევე, მადლობა ღმერთს, ივანიშვილი გამოეხმაურა  პროცესებს და სააკაშვილი გავუშვით.

ასეთივე სიტუაცია იქმნება ახლაც. უკანონო, არალეგიტიმურ პარლამენტთან თანამშრომლობა  არ არის კარგი, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია არ არსებობს, მაგრამ ხალხი ხომ არსებობს – ცხოვრება გვინდა.  კი ბატონო, ეს არის გაყალბება, მაგრამ რეაგირება უნდა იყოს პროფესიული  და არა ასეთი – დოყლაპიური.

ოპოზიცია ხალხს  დიდ ხანს ქუჩაში ვერ გააჩერებს. საჭიროა, ენერგიის გადანაწილება მოხდეს.  მე მათ მხარეს ვარ და მინდა, რომ წარმატებას მიაღწიონ“, – თქვა ექსპერტმა.

პაატა ზაქარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ იგი ეგოისტია და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

“იგი „ნაციონალურ მოძრაობას“  აძლიერებს, თუმცა, ოპოზიციას ასუსტებს.

„ოპოზიციის პრობლემაა სააკაშვილი. მიშას ჭკუა არ ჰყოფნის, რომ ჩამოიხსნას პოლიტიკა და თქვას, რომ მივდივარ საერთოდ. მას  რომ ეს ექნა, კი, „ნაციონალური მოძრაობა“ 27%-ს არ აიღებდა, აიღებდა ნაკლებს, მაგრამ ხმები სხვა ოპოზიცურ პარტიებში გადანაწილდებოდა.  სააკაშვილი აძლიერებს “ნაციონალურ მოძრაობას”, თუმცა, ასუსტებს ოპოზიციას. ამ დროს  ,,ნაცმოძრობა,, ხალხის დიდ ნაწილს სძულს.

სააკაშვილის ქმედებები ეგოისტურია. იგი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, ასე არ შეიძლება. ოპოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს და უთხრას – რა ჩამოსვლა, რის ჩამოსვლა – დაეტიე მანდ, ჩაიკმინდე ხმა, დაახლოებით, ასეთი სლოგანი უნდა გვქონდეს ჩვენ, ვისაც ცვლილებები გვინდა. სააკაშვილი უფრო აფუჭებს საქმეს, ვიდრე –  ივანიშვილი. ერთიან ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ არ შეიძლება, ამ ადამიანმა მართოს  უფსკრულისკენ ქართველი ხალხი“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო ყოფილმა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები