ლევან რატიანი: ყველა კლინიკა, რომელსაც ემერჯენსის ლიცენზირების მესამე, მეოთხე დონე აქვს, რეგიონული პრინციპის მიხედვით მიიღებს ყველა პაციენტს
“პაციენტები, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში, ვისაც არ სჭირდება, გადანაწილდებიან კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
რატიანის თქმით, ყველა კლინიკა, რომელსაც ემერჯენსის ლიცენზირების მესამე, მეოთხე დონე აქვს, რეგიონული პრინციპის მიხედვით მიიღებს ყველა პაციენტს.
„თქვენ იცით, რომ ქვეყანაში არსებობს ლიცენზირების სისტემა, რომელსაც ანიჭებს რეგულირების სააგენტო და ეს არის ემერჯენსის ლიცენზირება. საქართველოში ყველა კლინიკა, რომელსაც ემერჯენსის ლიცენზირების მესამე, მეოთხე დონე აქვს, რეგიონული პრინციპის მიხედვით მიიღებს ყველა პაციენტს, რომელიც იქნება ცხელებითა და მიმდინარე „კოვიდით“, რაც შვებას მისცემს როგორც “112”-ს, ასევე, კოვიდკლინიკებსა და თავად მოსახლეობას.
პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში, ვისაც არ სჭირდება, გადანაწილდებიან კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე.
საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პაციენტი, რომელიც არის კოვიდინფიცირებული და დანარჩენი პაციენტები, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები, მესამე და მეოთხე დონის ემერჯენსებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნდა მიხედონ და ჩაუტარონ მენეჯმენტი შესაბამისი პროტოკოლით“, – განაცხადა რატიანმა.