მაია ცქიტიშვილი: თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობით, საზოგადოების კონსოლიდაციით შევძლებთ, გადავლახოთ მეორე ტალღაც ისე, რომ გვქონდეს რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ გამოვიწვიოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობა და ამისთვის აუცილებელია, პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე, იმის მიუხედავად, გვექნება თუ არა გაკეთებული ტესტი ან გვეცოდინება თუ არა პასუხი ტესტზე, მაშინვე უნდა გადავიდეთ თვითიზოლაციაში”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ვიცეპრემიერის განმარტებით, ეს სიმპტომები შეიძლება, იყოს ცხელება, ელემენტარული რესპირატორული სიმპტომები, თავის ტკივილი, ხველა ან სხვა და ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ტესტის პასუხის მიღებამდე, მოქალაქე დარჩეს სახლში, გადავიდეს თვითიზოლაციაში და გაუფრთხილდეს ოჯახის წევრებს.
„შევატყობინოთ ჩვენს კონტაქტებსაც იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ვიყოთ ინფიცირებული და მათაც ვთხოვოთ, გადავიდნენ თვითიზოლაციაში. მხოლოდ ასეთი გზით შევძლებთ, გავწყვიტოთ ვირუსის გადაცემის ჯაჭვი და შევანელოთ მისი გავრცელება. ეს თავის მხრივ იქნება გარანტია იმისა, რომ ისევე, როგორც დღემდე, ჩვენ დაგვჭირდება მინიმალური რაოდენობის შეზღუდვები, მხოლოდ დროებითი წერტილოვანი მიდგომები და, როგორც გავიარეთ პირველი ტალღა ისე, რომ ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა და სიკვდილიანობის გამორჩეულად დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, ასევე ერთად, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობით, საზოგადოების კონსოლიდაციით შევძლებთ, გადავლახოთ მეორე ტალღაც ისე, რომ არ გადავტვირთოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და გვქონდეს რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი კოვიდის გამო”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.