იტალიაში “კომენდანტის საათი” გამოცხადდა

იტალიაში 5 ნოემბრიდან ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება და საღამოს 22:00 საათიდან, საპატიო მიზეზის გარეშე, ქუჩაში გასვლა იქნება აკრძალული.

შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრემიერმა – ჯუზეპე კონტემ მოაწერა.

გაზეთი La Stampa წერს, რომ, ახალი შეზღუდვების შესაბამისად, უქმე დღეებსა და დღესასწაულებზე აღარ იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ასევე, იქნება დახურული მუზეუმები და გამოფენები, ტრანსპორტი უნდა იყოს შევსებული მხოლოდ 50%-ით.

სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის კი პირბადის ტარება იქნება სავალდებულო გაკვეთილებზეც. ადრე ე.წ.ნიღბების ტარება სავალდებულო იყო მხოლოდ შესვენებებზე.

გარდა ამისა, მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიის რისკის სამ ზონად დაყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

“წითელ ზონაში”, სავარაუდოდ, მოხვდება ლომბარდია, პიემონტი და ბოლცანო, სადაც დაიხურება ყველა მაღაზია, სპორტით დაკავება მხოლოდ ინდივიდურ რეჟიმში, ღია ცის ქვეშ იქნება დასაშვები.

“ნარინჯისფერში” მოხვდებიან აპულია და კალაბრია, ასევე, ვენეტო და ლიგურია, სადაც ქალაქად გასვლა აიკრძალება, ასევე, კვების ყველა ობიექტი დაიხურება.

“მწვანე ზონაში” მოხვედრილ რეგიონებში რესტორნები და ბარები მხოლოდ 18:00 საათამდე იმუშავებენ, დაიკეტება სპორტდარბაზები და აუზები, თეატრები და კინოთეატრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები