აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ვინაობა შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე დღეში გახდეს ცნობილი – რა არის ამის მიზეზი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახდენს დიდ გავლენას იმაზე, თუ როგორ რეაგირებს მსოფლიო საერთაშორისო კრიზისებზე – იქნება ეს ომები, გლობალური პანდემიები თუ კლიმატის ცვლილება. ამიტომ, ყოველ 4 წელიწადში, როდესაც ქვეყანა ახალ პრეზიდენტს ირჩევს, მოვლენა ხდება ისტორიული არა მხოლოდ შტატებისთვის, არამედ – მსოფლიოსთვის.

3 ნოემბერი სწორედ ასეთი დღეა, მთელი მსოფლიო ელოდება – თუ ვინ გახდება აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში თეთრ სახლში ვინ იქნება დაბინავებული.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ გვარის გამოცხადებას რამდენიმე დღე დასჭირდება და ამას ორი მიზეზი აქვს.

პირველი, ფოსტით მიცემული ხმების დათვლის პროცედურა შესაძლოა, გაჭიანურდეს, რადგან წელს, კოვიდ19-ის პანდემიის გამო, ამ შესაძლებლობით ამერიკელების უპრეცედენტო რაოდენობამ ისარგებლა. 2016 წელს ხმის მიცემით ასეთ ფორმას ამერიკელების 33-მა მილიონმა მიმართა, წელს კი ეს რიცხვი 82 მილიონს შეადგენს.

მაგალითად, ერთ-ერთ ე.წ.მერყევ შტატში მოსალოდნელია, რომ ფოსტით ხმას სამ მილიონამდე ამომრჩეველი მისცემს, ხმების ასეთი რაოდენობის დათვლას კი რამდენიმე დღე დასჭირდება – ეს იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენების გადათვლა არ გახდა საჭირო. პროცედურის დაწყება კი მოქმედი კანონით შესაძლებელია კენჭისყრის დღეს, ანუ 3 ნოემბერს, დილის 07:00 საათიდან.

მეორე, გამომდინარე იქედან, რომ ფოსტით ხმას ამერიკელების დიდი რაოდენობა მისცემს, სადავო ბიულეტენების რაოდენობაც იმატებს, მაგალითად, თუ გაურკვეველია ხელმოწერა ან სპეციალური მეორე კონვერტის არარსებობა დაფიქსირდება, რასაც მხარეები ეცდებიან, სათავისოდ გამოიყენონ და ამაში სასამართლოების დარწმუნებსაც ეცდებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ადვოკატების მთელი “არმია” შემოიკრიბა – როგორც ჩანს, კანდიდატი სასამართლო დავებისთვის ემზადება.

თუმცა, ასევე არ არის გამორიცხული, რომ გამარჯვებული უკვე კენჭისყრის დამთავრებიდან რამდენიმე საათშიც გამოვლინდეს. ამისთვის აუცილებელია, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს.

კერძოდ, ბაიდენმა ან ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა უნდა მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები