ამერიკის შეერთებულ შტაბებში დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ. დონალდ ტრამპი თუ ჯო ბაიდენი? – ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხს ამერიკელები გასცემენ.
ქვეყანაში საარჩევნო პროცესი სხვადასხვა შტატში განსხვავებულ დროს დაიწყება, ნიუ ჰემპშირის ორ პატარა ქალაქში კენჭისყრა უკვე დაწყებულია.
CNN-ის მონაცემით, ქალაქ დიქსვილ-ნოჩში, საიდანაც დაიწყო არჩევნები, ჯო ბაიდენმა 5 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი – არცერთი. შედეგი ცნობილია იმის გამო, რომ კენჭისყრა უბნის გახსნიდან რამდენიმე წუთში დამთავრდა, ამდენივე დრო დასჭირდა ბიულეტენების დათვლას.
მის მეზობლად მდებარე ქალაქ მილსფილდში კი ტრამპმა 16 ხმა, ხოლო ბაიდენმა 5 მიიღო.
ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქებში უბნები ადგილობრივი დროით 06:00 საათზე გაიხსნება, მოგვიანებით კი გაიხსნება უბნები 50 შტატში. ყველაზე ბოლოს საარჩევნო უბნები ალასკაზე დაიხურება.
Reuters / Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 27-20 ოქტომბერს ჩატარდა, ბაიდენი 51% ლიდერობს, ტრამპს 43 % აქვს.
თუმცა, შეერთებული შტატების შემთხვევაში, არჩევნების შედეგი ბოლომდე არაპროგნოზირებადია და მისი შედეგი შეიძლება, შეიცვალოს ძალიან მოულოდნელად, რადგან ჯერ არ არის ცნობილი, როგორ გადანაწილდება ხმები ე.წ.მერყევ შტატებში: არიზონაში, ფლორიდასა და ჩრდილოეთ კაროლინაში.
აღსანიშნავია, რომ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამერიკელებს ხმის მიცემის წინასწარი შესაძლებლობა ჰქონდათ – ფოსტისა და ვადაზე ადრე პირადად აზრის დაფიქსირების გზით და ამ უფლებით უკვე 95-მა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, რაც 2016 წელს არჩევნებზე მისული მოსახლეობის 69%-ს შეადგენს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 3 ნოემბრის არჩევნებზე საკუთარ აზრს გაცილებით მეტი ამერიკელი დააფიქსირებს, ვიდრე – 2016 წელს – მაშინ კენჭისყრაში 138 მილიონი ამერიკელი მონაწილეობდა.