ხალხური საღამოები – ანსამბლი „ადილეი“

12 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე, ყოველ ორშაბათს, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ანსამბლები სოლოკონცერტებს მართავენ ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქგვერდის პირდაპირ ეთერში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, ანსამბლი „ადილეი“ წარდგება მსენელის წინაშე.
მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ 2012 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. პირველად მსმენელის წინაშე კი წარსდგა 2014 წლის გაზაფხულზე და მას შემდეგ აქტიურად ჩაება საკონცერტო მოღვაწეობაში.
აღსანიშნავია კონცერტები: ტრადიციული მრავალხმიანობის VII და IX საერთაშორისო სიმპოზიუმებზე, სოლო კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში („საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“), რუსთავის მე-5 ქალთა დაწესებულებაში, შეხვედრა-კონცერტები ცნობილ უცხოელ მუსიკოსებთან – იორდი სავალისთან (Jordi Savall), სერჯიო აზოლინისთან (Sergio Azzolini), ელიზაბეთ ლეონსკაიასთან (Elisabeth Leonskaja) და ა.შ.
„ადილეიმ“ ჩაატარა კონცერტები, ვორკშოპები და სემინარები იტალიაში, გერმანიაში, ბელგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გამოცემული აქვს CD ალბომი, ვინილის ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები.
სახელწოდება „ადილეი“ შეირჩა დასავლური სიმღერებისთვის დამახასიათებელი სამღერისიდან და ზუსტად ესადაგება ანსამბლის რეპერტუარს. გარდა ამისა, „ადილეი“ არის მგზავრული სიმღერა, რომელიც ასოცირდება მოძრაობასთან და წინსწრაფვასთან.
„ადილეის“ რეპეტუარის მთავარი წყარო ძველი ჩანაწერებია. გუნდი ცდილობს ,,მოირგოს” ეს სიმღერები, შექმნას და შეასრულოს მათი ახლებური ვარიანტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები