რამაზ საყვარელიძე: ქუჩაში გასულ ოპოზიციას დღეს ხალხი არ გაჰყვება, მათ სიტყვას უფრო დიდი ძალა პარლამენტში ექნება

პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აფასებს.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ბევრი ასპექტით არის საინტერესო.

“2020 წლის არჩევნების შედეგები ბევრი ასპექტით არის საინტერესო, მათ შორის იმითაც, რომ დაგვედგინა, ოპოზიც­იური სპექტრის წარმმართველი ძალა “ნაცმოძრაობაა” თუ სხვა ანგარიშგასაწევი ძალაც გამოიკვეთა. როგორც გაირკვა, დაახლოებით ერთნაირი რეიტინგი აქვთ.

“ნაცმოძრაობის” შვილობილ პარტიებს: “ევროპულ საქართველოს”, “სტრატეგია აღმაშენებელსა” და “გირჩს”, თუმცა თავად “ნაცმოძრაობას” უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე მათ ყველას ერთად. ყველას ერთნაირი რიტორიკა აქვს, ამბობენ, რომ “ოცნებაში” რუსეთის აგენტები არიან, ქვეყანას აღატაკებენ და ა.შ.

საინტერესოა, რატომ აქვთ ერთი და იმავე რიტორიკის მქონე პარტიებს ასეთი განსხვავებული რეიტინგი?­ იმიტომ, რომ სააკაშვილის ფაქტორი მუშაობს. ქარიზმატულ პირს ხშირად ისე ბრმად მიჰყვება­ ელექტორატი, რომ თავადაც არ იციან, რატომ უჭერენ მხარს.

ადამიანი ფსიქოლოგიურად ისეა მოწყობილი, რამდენიც უნდა იძახოს, მესია და ლიდერი არ გვჭირდებაო, სინამდვილეში სჭირდება. ბოლო დროს ევროპელებმა დაიჩემეს, ქარიზმატული ლიდერი პოლიტიკური კულტურის ხარვეზზე მიუთითებს, რადგან პიროვნულ ხიბლზე კეთდება აქცენტი და არა პოლიტიკურ დოქტრინაზეო. მაგრამ რეალობასაც ხომ უნდა გავუწიოთ ანგარიში. ხალხს მოსწონს პიროვნული ხიბლის მქონე პერსონები და მიჰყვებიან მათ, ხშირად თვალდახუჭულიც. მაგალითად, ტრამპი ქარიზმატული ლიდერია. პოლიტოლოგები ლოგიკურად ფიქრობდნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ ხალხი გაჰყვა მას და გაამარჯვებინა. ასე რომ, მოგვწონს თუ არა, ხალხი ქარიზმას ხშირად უპირობოდ მიჰყვება. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ხალხი აანალიზებდეს პროგრამებს, არკვევდეს, რომელი აძლევს ხელს, მაგრამ ასე არ ხდება, მით უფრო მაშინ, როცა 60 პარტიის 60 პროგრამა გაქვს წასაკითხი და შესაფასებელი. ვიყოთ რეალისტები, გავითვალისწინოთ ადამიანის ფსიქოლოგია და ვაღიაროთ, რომ სააკაშვილის ქარიზმატულობის გამო ადამიანები გაცილებით ძლიერად არიან მიჯაჭვული “ნაცმოძრაობას”, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ძალას”,- აცხადებს პოლიტოლოგი.

კითხვაზე, “ოპოზიცია მოახერხებს შეთანხმებას პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებისა და საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ?” – საყვარელიძე პასუხობს, “არა მგონია, ეს სცენარი ახლა ხელსაყრელი იყოს. ვთქვათ, გამოვიდნენ ქუჩაში,­ გაჰყვება კი ხალხი? არც იმდენი, რომ პოლიტკრიზისის შექმნა შეძლონ. რის გამო უნდა გაჰყვეს ხალხი, დესტაბილიზაციის მოსაწყობად?”

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერც “ოცნება” ართმევს თავს, თუმცა ამის შემძლე სხვაც არავინ ჩანს.

თუ “ოცნება” სახლში წავა, რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს­ სიღარიბის დაძლევას და უკეთესი მომავლის შექმნას? ვერც “ოცნება” ართმევს თავს არსებულ გამოწვევებს, მაგრამ სხვაც რომ არავინ ჩანს ამის შემძლე? “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” ამბობენ, ჩვენ გამოვიყვანთ ქვეყანას კრიზისიდანო, მაგრამ შეძლებენ? სურვილი აქვთ, პროგრამებიც, მაგრამ ეს არ კმარა.

ქუჩაში გამოსვლით ეს პარტიები ისეთივე ქუჩის პოლიტიკოსებად დარჩებიან, როგორადაც “ნაციონალები” იქცნენ. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში თითოეულ მათგანს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ქუჩაში პოლიტიკური კულტურა არ გროვდება. ქუჩის გამოცდილება ეროვნული მოძრაობის ლიდერებს რომ ჰქონდათ, ამათ არც დაესიზმრებათ, მაგრამ ხომ გახსოვთ, რა მოხდა, როდესაც პარლამენტში შევიდნენ? პრეზიდენტი გამსახურდია საინფორმაციო მიტინგებით ცდილობდა ქვეყნის მართვას. სხვა გამოცდილებას, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებს არ იცნობდა. ასე რომ, სრულიად უპერსპექტივო იქნება ოპოზიცია დღეს ქუჩაში. ხალხი მშვიდ ცხოვრებას დესტაბილიზაციას არ ამჯობინებს. პატარა პარტიების რა მოგახსენოთ, მაგრამ “ნაცმოძრაობა” რაც უნდა დისკრედიტირებული იყოს, სააკაშვილს თავისი მომხრეები მაინც დაუჭერენ მხარს. მისი არაორდინარული ხასიათიდან გამომდინარე, ძნელია ამის განსაზღვრა. თუმცა ლოგიკური იქნება, თუ ისე მოიქცევა, როგორც ევროპელებს მოეწონებათ – გააკეთოს ის, რაც ერთხელ უკვე გააკეთა, აღიაროს დამარცხება, პირობითად ხელი ჩამოართვას მეტოქეს და გაუხსნას ფრონტი საპარლამენტო ტრიბუნაზე.

ქუჩაში გასულ ოპოზიციას დღეს ხალხი არ გაჰყვება. მათ სიტყვას უფრო დიდი ძალა პარლამენტში ექნება”,- განაცხადა საყვარელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები