ირაკლი კობახიძე: არაერთ საარჩევნო უბანზე იყო დესტრუქციის მცდელობა, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედებები იყო
“როდესაც ძალადობაზეა საუბარი, 2016 წელს ბევრად მეტი პროვოკაცია მოაწყვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამწუხაროდ, ჩვენი აქტივისტების მხრიდანაც ცოტა გადაჭარბებული რეაქციები იყო”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს.
მისი თქმით, მთლიანობაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები „ქართული ოცნების“ მონაპოვარია.
„დესტრუქციის მცდელობა იყო არაერთ უბანზე და იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედებები პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. რაც შეეხება დანარჩენ პროცედურებს და მთლიანად საარჩევნო კამპანიას, ყველამ დაინახა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ყველას შეეძლო თავისუფალ რეჟიმში საზოგადოებისთვის საკუთარი გზავნილების მიწოდება. იყო ძალიან კონკურენტული არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი გარემო. ეს გარემო უკვე შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, შეგახსენებთ, მაგალითად, როდესაც ძალადობაზეა საუბარი, 2016 წელს ბევრად მეტი პროვოკაცია მოაწყვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამწუხაროდ, ჩვენი აქტივისტების მხრიდანაც ცოტა გადაჭარბებული რეაქციები იყო. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, უამრავი პროვოკაცია იყო, მაგრამ რეაქციებს დააკვირდით, რეაქციები ჩვენი აქტივისტების მხრიდან იყო მინიმალური. ანუ, თუ ძალადობაზეა საუბარი, უკანგადადგმული ნაბიჯი იყო ოპოზიციის პროვოკაციები, მაგრამ ჩვენი აქტივისტების რეაქციებს რაც შეეხება, ამ მხრივ ჩვენ გვქონდა ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს, რაც ყველა არჩევნებზე ფიქსირდება, აქ არანაირი სხვაობა წინა და გუშინდელ არჩევნებს შორის არ იყო. მთლიანობაში ძალიან კარგად იცით, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი“, – განაცხადა კობახიძემ.