თამარ ჟვანია: შეფასებები, თითქოს ცესკო რაღაცას არასწორად აკეთებს, არის აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებული
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, მცდარია შეფასება, თითქოს ცესკო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით რაღაცას არასწორად აკეთებს.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკო-ს მონაცემები ზუსტია, რაც საერთაშორისო დასკვნებითა და შეფასებებითაც მტკიცდება.
„კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩართულ მხარეს მივმართო, ყველა ის შეფასება, რომელიც თითქოსდა იმგვარია, რომ ცესკო რაღაცას არასწორად აკეთებს, აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებულია. ცესკო-მ რამდენიმე ათეული წელია დაამტკიცა, რომ მის მიერ დათვლილი შედეგები ზუსტია. ეს მტკიცდება, როგორც საერთაშორისო დასკვნებით და შეფასებებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დათვლის შედეგებით. ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, საუბნო შემაჯამებელი ოქმები, რომელიც საარჩევნო უბნებში დგება, ამ ოქმებს აკვირდება პოლიტიკური პარტიის 80 ათასზე მეტი წარმომადგენელი, 47 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი, 6 ათასამდე მედიის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები. უფრო მეტიც, არიან კომისიის წევრებიც. არასერიოზული შეფასებებია, თითქოს გზაში რაღაცას ცვლის, ეს აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა, რომელიც დიდი ხანია განვითარებული საქართველოს ისტორიიდან არის წაშლილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს“,-განაცხადა ჟვანიამ.