კახა კალაძე: წინასწარი მონაცემები უკვე დაფიქსირებულია და ცხადია, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველომ და თითოეულმა მოქალაქემ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.

“დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და ერთიანი ძლიერი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა იმ მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა. ვინაიდან დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა”, – განაცხადა კალაძემ.
გენერალურმა მდივანმა საარჩევნო ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა, რადგან საარჩევნო პროცესს, პანდემიის პირობებში, თავი წარმატებით გაართვა.
“მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც საკმაოდ უჩვეულო, პანდემიის პირობებში წარმატებით გაართვა თავი საარჩევნო პროცესის გამართულ ორგანიზებას . ამავდროულად მსურს მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს , რომელიც მოწოდების სიმაღლეზე მუშაობდა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ნების გამოხატვა სათანადოდ უზრუნველყო.
მადლობა ადგილობრივ და უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს , დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებს და ყველას ვინც მორიგი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში საკუთარი წვრილი შეიტანა.
პირველ რიგში მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს მონიჭებული ნდობისთვის, იმ მანდატისთვის , რაც დღეს კიდევ ერთხელ გადმოგვცა ქართველმა ხალხმა და გპირდებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაუზარებლად ვემსახურებით ჩვენს ხალხსა და სამშობლოს, რათა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
დღეს თქვენ აირჩიეთ საქართველოს ევროპული მომავალი, თქვენი და თქვენი შვილების ნათელი მომავალი, მშვიდობა , უსაფრთხოება და კეთილდღეობა. თქვენ აირჩიეთ ჩვენი, ჩვენი წინაპრების და მომავალი თაობების ოცნება, რომ საქართველომ ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. მადლობა ნდობისთვის. ერთად საქართველოს წარმატებისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები