სერვისების განვითარების სააგენტო: ანა დოლიძემ დეზინფორმაცია გაავრცელა
სერვისების განვითარების სააგენტო დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებას ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანდიდატმა დეზინფორმაცია გაავრცელა.
“დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დეზინფორმაცია გაავრცელა – მისი თქმით, ჩუღურეთში „მე-11 უბანში აღმოაჩინეს რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი პიროვნება, ვარდო ბერიძე და ასევე, წლების წინ ემიგრაციაში წასული პიროვნება – ზაველ ეგანეზოვი”.
გავრცელებული ინფორმაციის სააგენტოს მიერ გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მოქალაქე ვარდო ბერიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სააგენტოსათვის არ მოუწოდებია არც ოჯახის წევრებს, არც სამედიცინო დაწესებულებებს და არც სხვა რომელიმე უფლებამოსილ დაწესებულებას. პირის გარდაცვალების ფაქტის ასახვა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება შესაბამისი უწყებების ან ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ვარდო ბერიძის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ვარდო ბერიძე (დაბადებული 1956 წელს) 2016 წლიდან რეგისტრირებულია თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. №102-ში. სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, მას უფიქსირდება აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მან 2017 წელს აიღო.
რაც შეეხება ანა დოლიძის მიერ ნახსენებ მეორე მოქალაქე ზაველ ეგანეზოვს, ამ სახელით და გვარით სააგენტოს მონაცემთა ბაზაში პიროვნება არ იძებნება.
დამატებით, სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. ზემოაღნიშნული გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს აქვს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც, ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული”,-ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.