საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის – კახაბერ ქემოკლიძისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეხვედრაზე, რომლის შემადგენლობაში ფრანგი სენატორებიც იმყოფებიან, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, უზრუნველყოფილი იყო კამპანიის წარმართვისთვის თანაბარი შესაძლებლობები.
საუბრისას ხაზი გაესვა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ყველაფერი გაკეთდა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დასაცავად როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე – დამკვირვებლებისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებზე. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამართალდარღვევებზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას.