თამარ ჟვანია: არჩევნებზე მისვლა, მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა პრევენციული ღონისძიება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნებზე მისვლა, მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა. ამის შესახებ მან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ პარტლამენტის 150 წევრი, 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

„არჩევნებზე მისვლა, მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან, აღიარებულია, რომ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ესაჭიროება ხმის მისაცემად. ამომრჩეველს მინდა, შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებლად პირბადის მოხმარება დასჭირდება, თუმცა არქონის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მათ უზრუნველყოფენ პირბადით. ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს, 48 პოლიტიკურ პარტიასა და ორ ბლოკს შორის უნდა გააკეთოს და ასევე არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, არჩევნების ჩასატარებლად სრულიად მზადყოფნაშია 3 657 საარჩევნო უბანი.

„გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ, სამკურნალო დაწესებულებსა და იზოლაციაში, რაც არის კარანტინი და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე, 52, მათ შორის ორი ავღანეთში საარჩევნო უბანი, რაც გახსნილია საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები