“რუსულ რბილ ძალას ჩვენ, პირველ ყოვლისა, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალ ხარისხს, მედიაპლურალიზმსა და სრულ გახსნილობას ვუპირისპირებთ”
“შესაბამისი სპეციალური სამსახურები მუშაობენ თავიანთი რეგლამენტების შესაბამისად და რუსი ჯაშუშების, ძველ პერიოდში, ასე გამოვლენა, პიარისა და რეკლამისთვის არაფერს არ ნიშნავს. შესაბამისი უწყებები მუშაობენ, როგორც საჭიროა ისე, ამ მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რაც შეეხება რუსულ რბილ ძალას, რაზეც, როგორც ვხვდები, თქვენ საუბრობთ – ამას ჩვენ, პირველ ყოვლისა, ვუპირისპირებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალ ხარისხს, მედიაპლურალიზმს, სრულ გახსნილობას. არ დაგავიწყდეს ის, რომ საქართველო, რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენი დემოკრატიის ყველაზე ძლიერი მხარე და მახასიათებელი არის უაღრესად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი. ეს ყველაფერი არის ის ფილტრები და ბუფერები, რომლითაც ჩვენ ვოპერირებთ. რა თქმა უნდა, სპეციალური სამსახურებისა და სპეციალური ღონისძიებების და, ამასთან ერთად, მინდა, გაგახსენოთ რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომელიც წლის დასაწყისში სწორედ მსგავს, კიბერ ან რბილ ძალასთან იყო დაკავშირებული, როდესაც ჩვენ, ძალზედ ეფექტურად, ერთობლივი ღონისძიებები ჩავატარეთ დიდ ბრიტანეთთან, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და ა.შ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.