“ეს არის სწორედ „ნაცმოძრაობის” ხელწერა – ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, სამწუხაროა”

“გუშინ ადამიანურად უაღრესად დამწყდა გული და გეტყვით, რატომ, მეორე – ეს ჩვეულებრივი ქვეცნობიერია; ვიდრე სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმა, გამოსულიყო და რაღაც კომენტარი გაეკეთებინა”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას „ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელ აქციაზე ბუბა კიკაბიძის მიერ „თბილისოს” რუსულად შესრულებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც სოციალურ მედიაში ატყდა ერთი ამბავი, შემდეგ დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა, რის გამოც ეს ქვეცნობიერია.

„ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება, რატომ დამწყდა გული – ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ადამიანის ბედი არავის ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი იქ რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, შემდგომ რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია, რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ერთ საღამოში, სამწუხაროდ….. ასე ვაფასებ ამას. გუშინდელმა აქციამ, მათ შორის, იქ გამომსვლელი ხალხის დონეზეც, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს და ეს საბჭოური პოლიტიკური ელიტა, რომელიც უკვე ქვეყანამ 30 წელია, ვერ მოიშორა, უნდა დამთავრდეს. სწორედ ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანი გამოჩნდეს პარლამენტშიც და პოლიტიკაშიც. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი – პროდასავლური კარგი დასავლური განათლებით და არა ის, რაც გუშინ ვნახეთ – რუსული ნარატივებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები