მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონული ბიბლიოთეკა

კავშირი „კულტურის“ ინიციატივით და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი – „მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონული ბიბლიოთეკა“  (https://www.theatrelife.ge/worldplayselectroniclibrary).
როგორც „კვირას“ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტი ითვალისწინებდა ინტერნეტსივრცეში ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის ყველა ეპოქის (ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღემდე) კლასიკური და თანამედროვე დრამატურგიის ელექტრონული ბაზის შექმნას.
ამიერიდან ქართული თეატრის ელექტრონული არქივის (www.theatrelife.ge) და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (www.tafu.edu.ge) ვებგვერდებზე 800 – მდე უცხოელი და ქართველი ავტორის პიესაა ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
პროექტი „მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონული ბიბლიოთეკა“ განხორციელდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, კულტურის სექტორში შესაძლებლობების განვითარების და თავისუფალი პროექტების კონკურსის ფარგლებში.
„მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონული ბიბლიოთეკა“ ითვალისწინებს ელექტრონული პლატფორმის შექმნას – სტუდენტებისთვის, პედაგოგებისთვის, მკვლევრებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. პანდემიის პერიოდში ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკების არარსებობამ/მიუწვდომლობამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა სასწავლო პროცესს. კარანტინის დროს, სასწავლო პროცესი, მართალია, არ იყო შეწყვეტილი, მაგრამ სტუდენტებს დაკეტილი ბიბლიოთეკების გამო არ ჰქონდათ წვდომა სასწავლო მასალაზე. ბევრ უმაღლეს სასწავლებელში სამივე საფეხურზე გადაიდო საბაკალავრო, სამაგისტრო სადიპლომო ნაშრომებისა, თუ სადოქტორო თემების დაცვა. ამ კუთხით პრობლემები შეექმნათ მკლევრებსაც და პედაგოგებსაც. პროექტის მიზანიც სწორედ ზემოთ ნახსენები პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობის მიღება იყო.
მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონულ ბიბლიოთეკას შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ მისამართზე: https://www.theatrelife.ge/worldplayselectroniclibrary

პროექტის კოორდინატორები: თეატრმცოდნე, ასოცირებული პროფესორი მაკა ვასაძე;  თეატრმცოდნე, ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩხარტიშვილი .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები