„იმ ბაზალეთის ტბაში ჩასაყვინთად“… – როსტომ ჩხეიძე – ნაირა გელაშვილზე

მწერლის, გერმანისტის, მთარგმნელის, ნაირა გელაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით როსტომ ჩხეიძემ სტატუსი გამოაქვეყნა.
„ნაირა, ჩემო ძვირფასო,
თუ ვინმე დასდებს თავს შენს მოწაფეობაზე, უთუოდ მეც.
რა აუცილებელია, შენი სტუდენტი ვყოფილიყავი – რამდენი რამ შემითვისებია შენთან საუბრებიდან, შენი მღელვარე, არტისტული მონოლოგებიდან; რამდენი რამ შემითვისებია შენი ნაწერებიდან, ლიტერატურული განძისაგან რომ არ გამერჩევა შენი მრავალფეროვანი და უჩვეულო ნაყოფიერებით აღსავსე შემოქმედება.
და ეს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „მნათობში“ დაიბეჭდა შენი ორი ნოველა: „მწვანე ჭიშკარი“ და „მთვარით განათებული ბაღი“ – თორემ „მივემგზავრები მარიდს“ ხომ უკვე ისე გახმაურდებოდა, ყველაც იმთავითვე ირწმუნებდა ახალი ტალანტის გამოჩენას ჩვენს ლიტერატურაში.
იმ გამონაკლისთა შორის ხარ, არც მოდურობა და პოპულარობა რომ არ მოჰკლებია და ამავდროულად ნამდვილი ლიტერატურული ღირებულებანიც შეუქმნია.
იშვიათია, შენსავით თავგადადებული ლიტერატურისათვის.
შენსავით თავგადადებული ადამიანსა და მის ბედზე.
შენსავით თავგადადებული ბუნების გადასარჩენად.
შენსავით თავგადადებული განათლებისა და კულტურის წინსვლისათვის.
შენსავით თავგადადებული კავკასიური მთლიანობისათვის.
არც კითხვა მწყინდება შენი ნაწერებისა და არც ხელახლა გადაკითხვა, თარგმანებითაც რამდენ რაიმეს რომ გვაზიარე და რელიგიურ-ფილოსოფიურ გარემოშიც ისევე ლაღად და ძალდაუტანებლად გრძნობ თავს, როგორც პირწმინდად მხატვრულ სინამდვილეში, რაც შენთვის ფილოსოფიაცაა, რელიგიაც და ეკოლოგიაც – შენი მონოლოგების ერთი უმთავრესი თემა.
მე მივეკუთვნები ადამიანებს, რომელნიც თავს მარადიულ მოწაფეებად გრძნობენ.
რატომაც არა, როდესაც შენისთანა მასწავლებლები ადგანან თავს, ანუგეშებენ და ამხნევებენ, შთააგონებენ და აიყოლიებენ კიდეც იმ ბაზალეთის ტბაში ჩასაყვინთად, რაც ლაიტმოტივია არამარტო შენი ერთი რომანისა „დედის ოთახი“, არამედ მთელი შენი არსებისაც და ლიტერატურული მემკვიდრეობისაც“, – წერს როსტომ ჩხეიძე.
ცნობისათვის: ნაირა გელაშვილი დაიბადა 1947 წლის 28 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში.
არის „კავკასიური სახლის” დირექტორი 1993 წლიდან. ჟურნალ „აფრას” დამფუძნებელი და რედაქტორი  1997 წლიდან.
გამოცემული აქვს წიგნები: „მოთხრობები“, „დედის ოთახი“, „მთვარით განათებული ბაღი“, „ტრაგიკული გრადაცია“, „წინწკლების ქოხი“, „სარკის ნატეხები“, „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“, „მე ის ვარ“, და სხვა.

მიენიჭა:
2010 წელს საბა საუკეთესო რომანისთვის – „პირველი ორი წრე”;

2013 წელს  – საბა საუკეთესო რომანისთვის „მე ის ვარ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები