კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტმა პანდემიის პირობებში 5G-ის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE) ახალ პრეზიდენტს იაცეკ ოკოსა და მის მოადგილეს კაროლ კრჟივიცკის შეხვდნენ. შეხვედრა, covid 19 პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინრეჟიმში შედგა. კაროლ კრჟივიცკი ამავდროულად 2020 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელს (EaPeReg) თავმჯდომარეობს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და UKE პრეზიდენტმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და 5G ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
იაცეკ ოკო პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დაიკავა და ის ერთ-ერთი პირველი სწორედ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს შეხვდა. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ იაცეკ ოკოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა უკვე 10-წლიან ისტორიას ითვლის. ამ წლების განმავლობაში ახალი და ერთობლივი პროექტების განხორციელების ფარგლებში თქვენი გამოცდილების გაზიარება ძალიან დაგვეხმარა. განსაკუთრებით, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში როგორებიცაა- სიხშირული სპექტრის ეფექტიანი განაწილება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, ინფრასტრუქტურის ციფრული რუკა და სხვ. მოხარულები ვართ ასევე, რომ „დაძმობილების” პროექტში (Twinning), რომლიც 2017-2019 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა, პოლონეთმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესს”, – აღნიშნა შეხვედრაზე კახა ბექაურმა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის პირობებში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და 5G-ის დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოსა და პოლონეთში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობა მომავალში უფრო მჭიდრო და აქტიური იქნება. პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს, ეფექტიანი ორმხრივი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის საქმიანობაში კომუნიკაციების კომისიის აქტიური და ძალიან ღირებულ ჩართულობას გაესვა ხაზი.