ნათია თურნავა: დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველივე ტურში და უმრავლესობას მოიპოვებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს.
მისივე თქმით, ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას. ამას ასახავს ყველა ობიექტური კვლევა და მოსახლეობის განწყობა. ამის რწმენის საფუძველს გვაძლევს არა მხოლოდ კვლევები, არამედ – ყოველდღიური შეხება მოსახლეობასთან. მე და ჩემი კოლეგები, პრემიერმინისტრი, გუნდის სხვა წევრები მუდმივად ვხვდებით რეგიონებში მოსახლეობას. მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს, ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებულები ვართ, კვლავ ნდობის მანდატს მოგვანიჭებს. რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მათ, პრაქტიკულად, სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის. აქედან გამომდინარე, არის ეს მზადება. რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან. მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.