გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვის მოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დასრულდა სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში დროებითი გადახურვების მოწყობის პირველი ეტაპი, რომელიც გუმბათის ყელის ძირის ნიშნულზე, წმ. მარინეს ეკვდერზე, საკურთხეველსა და პასტოფორიუმებზე პროექტით განსაზღვრული თუნუქის სახურავის დაგებას ითვალისწინებდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემსრულებელმა კომპანიამ ამჯერად უზრუნველყო სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც მას ეროვნულმა სააგენტომ 13 ოქტომბერს 12 დღით გადაუვადა.
„ამ დროისთვის შემსრულებელს უკვე დაწყებული აქვს დროებითი გადახურვების პროექტის მეორე ეტაპით გათვალსწინებული სამუშაოები, რომელიც ტაძრის ქვედა რეგისტრებზე დაყრდნობის მეთოდით თუნუქის მყარი სახურავების მოწყობას გულისხმობს. სანებართვო პირობების თანახმად, მთავარი ტაძრის ეკვდერებზე, კარიბჭეებზე და ნართექსზე გადახურვის კონსტრუქციები 14 ნოემბრამდე უნდა მოეწყოს.
სააგენტოს საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება ტაძრის მკლავების მთლიან ფართობზე დროებითი გადახურვების მოწყობის საპროექტო პირობებიც, რომლის განხორციელებაც შემსრულებელ კომპანიას ზამთრის სეზონზე კედლის მხატვრობის სრული დაცვის მიზნით ეთხოვა.
დროებითი გადახურვის ღონისძიებები სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტაძარში წყლის ჩადინების არიდებას. გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვა წუნდებული კრამიტის თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება, რომელიც ლაბორატორიული კვლევითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები